მახინჯაურის საზღვაო სკოლა შეუერთდა პროფესიული განათლების ერთ-ერთ წამყვან ევროპულ ქსელს – European Vocational Training Association (EVTA)-ს, რომელიც აერთიანებს პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) მიმწოდებლებს მთელი ევროპის მასშტაბით.
EVTA 1998 წელს, ბელგიაში დაფუძნდა, როგორც საერთაშორისო არაკომერციული ასოციაცია (AISBL) და წარმოადგენს თანამშრომლობის შედეგს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედ პროფესიულ სასწავლო ორგანიზაციებს შორის Euroqualification პროექტის ფარგლებში.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში EVTA პროფესიული განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლატფორმად იქცა. ასოციაცია ჩართულია მრავალ საერთაშორისო ინიციატივაში, ხელს უწყობს წევრ ორგანიზაციებს და უზრუნველყოფს მათი საჭიროებებისა და მოლოდინების გათვალისწინებას ევროპულ დონეზე.
მახინჯაურის საზღვაო სკოლის EVTA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. წევრობა საშუალებას მისცემს სკოლას ჩაერთოს ევროპულ ინიციატივებში, გაზიაროს საუკეთესო პრაქტიკები და განავითაროს სწავლების თანამედროვე სტანდარტები.













