
2023 წლის 23 მარტს, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში გაიმართა შეხვედრა შორეული ნაოსნობის კაპიტანთან, დურსუნ ცინცაძესთან.
შორეული ნაოსნობის კაპიტანი შეხვდა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის მოსწავლეებსა და ბნსუ-ს პროფესიული დეპარტანენტის სტუდენტებს.
შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, დურსუნ ცინცაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და უპასუხა მათ მიერ დასმულ კითხვებს.
შეხვედრა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისა და ლიცეუმის ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.
დურსუნ ცინცაძემ ზღვაში შრომითი საქმიანობა ნავთობსატანკერო ფლოტის ნოვოროსიისკის სამმართველოს თხევადი ტვირთის გადამტან გემებზე დაიწყო. 1969წელს კი სამშობლოში დაბრუნდა და ცურვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძო. იყო III, II, კაპიტნის უფროსი თანაშემწე.
1980 წელს კი ტანკერ - «გენერალი ბაგრატიონი»-ს კაპიტანი გახდა. მომდევნო წლებში შორეული ნაოსნობის კაპიტანი დურსუნ ცინცაძე საქართველოს სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა.
1984წელს ხორვატიის პორტ „სპლიტის გემთსაშენში“ მან მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა ტანკერების ახალი სერიის სათაო ხომალდი -«IOSIP BROZ TITO» და ამ ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა. მომდევნო წლებში მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებს: «NODAR DUMBADZE», «SHOTA» და «ANDREA». დამოუკიდებელი საქართველოს ახალი საზღვაო ადმინისტრაციის შექმნის ურთულეს და გარდამავალ პერიოდში (1997-2004) დურსუნ ცინცაძე მისი ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი - თავმჯდომარე იყო.
2004-2005 წწ. იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პრორექტორი სასწავლო-აღზრდელობით დარგში.
2008-2013 წწ. აზერბაიჯანის კასპიის სანაოსნოს უფროსის მრჩეველი. იმავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. იგი არაერთი საერთაშორისო საზღვაო ფორუმის, კონფერენციისა და სემინარის მონაწილეა.წარმოადგენს საზღვაო თემატიკაზე მომზადებული სამეცნიერო-ტექნიკური შრომებისა და წიგნის "გემის მდგრადობა" ავტორს. არის ასოცირებული პროფესორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.













